ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემატიკა, რადგან ეს პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკავშირდება. შეხვედრების დროს ისინი ინტერესიით განიხილავენ სხვადასხვა ფორმის ძალადობას, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებს, ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.

მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფალ სივრცეში ერთმანეთთან გულწრფელი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უფრო მეტად აცნობიერებენ ძალადობის საფრთხეებს, განიხილავენ დაცვის მექანიზმებს და სურვილი აქვთ, სხვებსაც გაუზიარონ ინფორმაცია.

ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობით თანატოლებში კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმირებულობის დონე და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

როგორ აფასებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას?  რა შედეგებს იძლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს?

ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა მონიტორინგი ჩატარდა. 

შეხვედრის მონაწილეები ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს და ახალ იდეებსაც გვკარნახობენ:

 - ჩვენთვის ეს შეხვედრები არის ახალი ინფორმაციების მიღების წყარო. ქალებზე ძალადობა არ დამთავრებულა, უნდა გავძლიერდეთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.

- ქალებს იშვიათად გვაქვს შეკრების და საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებს სხვა განწყობა გვხვდება და ეს ძალიან გვჭირდება. 

- მიხარია, რომ ქალებზე ფიქრობთ, ჩვენს გაძლიერებაზე. ჩვენი თვითშეფასება იზრდება. ახალი იდეები გვიჩნდება. კარგი იქნება, თუ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა. 

შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდი/ხურჩის, სენაკის, ხონის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა ჯგუფებთან მიგრაციის საკითხებზე სამოქალაქო დიალოგი გაიმართა. შეხვედრის მონაწილეები - სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალები - გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევას „ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება: უფლებრივი მდგომარეობისა და სოციალურ-სტრუქტურული ფაქტორების ჭრილში“. შემდეგ გაიმართა დიალოგი ქალთა მიგრაციის მიზეზებზე და მის სოციალურ შედეგებზე, მიგრაციის პრევენციის ღონისძიებებზე.   

მონაწილეებმა მოიყვანეს არაერთი მაგალითი - პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის პარალელურად, როგორი მატრავმირებელი ეფექტი აქვს მიგრაციას თავად მიგრანტ ქალებზე, მათი ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - ბავშვებზე. გულისტკივილით აღნიშნეს გაუცხოების და სხვა ფსიქოემოციური სირთულეების მომენტები. 

შედგა დისკუსია იმის თაობაზე, სტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან ერთად, რა ძალისხმევა შეიძლება გასწიონ საზოგადოების რიგითმა წევრებმა, რათა შემცირდეს მიგრაციის ტენდენცია, შემცირდეს მისი ფსიქოემოციური ნეგატიური შედეგები. 

გამოითქვა საინტერესო იდეები თემის დონეზე გასატარებელი ღონისძიებების, ამისთვის საჭირო რესურსების შესახებ. შემდგომ ეტაპზე ყველაზე საინტერესო ინიციატივების შერჩევა და მისი განხორციელება იგეგმება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდებთან კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის თემებზე სატრენინგო სესიები ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის უნარების გაძლიერება.

სესიების ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ერთვებიან დებატებში, მონაწილეობენ როლურ თამაშებსა და გუნდურ სავარჯიშოებში, რაც ეხმარებათ უკეთ გაიაზრონ კონფლიქტის არსი და მოძებნონ არაძალადობრივი გამოსავალი ყოველდღიურ სიტუაციებში. 

ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდები საკუთარი იდეებით ცდილობენ მათ ირგვლივ შექმნან უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც განსხვავებული აზრი არ იწვევს დაპირისპირებას, არამედ ხდება თანამშრომლობის და განვითარებისთვის სივრცე.

ეს ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მშვიდობის კულტურის გაძლიერებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების თანაარსებობის უკეთესი მოდელის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ ანგარიშში „რატომ მიდიან ქალები? ქალთა მიგრაციის გამომწვევი მიზეზების გენდერული განზომილება უფლებრივი მდგომარეობის, სოციალური ფაქტორებისა და ინტერსექციური მოწყვლადობის ჭრილში“ წარმოდგენილია დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600 ქალი. ანგარიში ქალთა მიგრაციის ფენომენს აანალიზებს გენდერული პერსპექტივიდან და მიგრაციას არ განიხილავს მხოლოდ ეკონომიკურ მოვლენად, არამედ ასახავს მის მრავალგანზომილებიან სოციალურ, უფლებრივ და სტრუქტურულ მიზეზებს.

კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიგრაცია ქალებისთვის ხშირად წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ იძულებით სტრატეგიას ოჯახში არსებული ძალადობისგან უფლებრივი დაქვემდებარებისა და სოციალური სერვისების ნაკლებობისგან თავის დასაღწევად. განსაკუთრებით მაღალია მიგრაციის განზრახვა ახალგაზრდა და ეკონომიკურად აქტიურ ქალებში, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ სტრუქტურასა და სოციალური განვითარების პერსპექტივებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ანგარიში ხაზს უსვამს ინტერსექციური მოწყვლადობის როლს, როგორებიცაა დევნილობა, გამყოფი ხაზის სიახლოვე და სოციალური დაუცველობა, რომელიც მიგრაციის რისკს კიდევ უფრო ზრდის. კვლევა აჩვენებს, რომ მიგრაციის პრევენცია მოითხოვს კომპლექსურ გენდერულად სენსიტიურ პოლიტიკას, რომელიც უნდა იყოს ორიენტირებული ქალთა ეკონომიკურ, სოციალურ და უფლებრივ გაძლიერებაზე.

 

გადმოწერა

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფორუმ-თეატრის გამოსვლები. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეკრებილებს მოეწონათ თანატოლების სამსახიობო ნიჭი, რეალობაზე დაფუძნებული სცენები. აქტიური დისკუსიები გაიმართა ყველა წარმოდგენის შემდეგ. რეჟისორ მაგდა ჩიხლაძესთან ერთად მაყურებელმა გულწრფელად ისაუბრა ბულინგზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქტუალურ პრობლემებზე.

მეორე გამოსვლაც ქუთაისში იყო, ცენტრალურ ადგილას. ფორუმ-თეატრის მსახიობები ისე ბუნებრივად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ რამდენიმე გამვლელმა ძალადობის მსხვერპლის დახმარებაც კი სცადა. მერე გაიგო, რომ ეს სპექტაკლია...

მაყურებელი ამბობს, რომ კარგია ამ ფორმით ძალადობაზე საუბარი, დისკუსია, რადგან თვალსაჩინოა პრობლემა. მთავარია, გამოსწორებაზეც ერთად ვიზრუნოთ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

10 მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული  ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგები  თემებზე „კონფლიქტის ესკალაცია და მაგალითები“ და „ტოლერანტობა ახალგაზრდებში“.
8 ტრენინგი ჩატარდა ადგილზე, ხოლო ორი კი - ონლაინ. 

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად,  ახალგაზრდები ინტერესით დაესწრნენ ტრენინგებს, აქტიურად ჩაერთნენ სავარჯიშოების შესრულებაში და როლური თამაშებით გაიაზრეს პრობლემების სიმწვავე.

მონაწილეთა უკუკავშირიდან:

„პირველად გავიგე ტერმინი „ესკალაცია“ და, ვფიქრობ, დამამახსოვრდება“.

„თქვენი ახსნილით და პლაკატის საშუალებით ადვილად დავინახეთ, რა სტადიებს გადის კონფლიქტი და როგორ მწვავდება ის“.

„ძალიან საინტერესო იყო როლური თამაში, სადაც ესკალაციის სტადიების დროს  შევჩერდით პრობლემის გამწვავებამდე“.

„საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული კულტურის, სარწმუნოების თუ შეხედულებისა“.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ასეთი ისტორიები ხშირად იწერება ჩვენი მუშაობით, ძალისხმევით, მონდომებით.

ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა საქმე ჩვენს სარეაბილიტაციო ცენტრს ეხება.

ერთ-ერთი ბოლო ამბავი ასეთია: ცენტრში იმყოფებოდა ორი დედა და 7 ბავშვი. ორი რთული ბედის ქალი. და რთული ბავშვები. ეს არც არის გასაკვირი: ტრავმირებულები არიან, ძალადობაგამოვლილები, დიდ პრობლემებს შეჭიდებულები.

არასრულწლოვანებთან მუშაობის პედაგოგი აღნიშნავს, რომ თავიდან ერთმანეთს სცემდნენ, ძალადობრივ ქცევებს გამოხატავდნენ, აგრესიულები იყვნენ.

გზადაგზა გაირკვა, რომ ოჯახში განცდილი ძალადობის გარდა, მათ მიმართ ხშირია ბულინგი სკოლაში - მოსწავლეების და მასწავლებლების მხრიდან. უფროსები სცემენ უმცროსებს, იმიტომ რომ არ ილაპარაკონ თავიანთ პრობლემებზე, პატარებს კი უნდათ სხვებსაც გააგებინონ თავიანთი გასაჭირი. ბებიასაც უცემია ქამრით, მასწავლებელმა თმებზე მოქაჩა ისე მწარედ, რომ ლამის ამოაგლიჯა...

სარეაბილიტაციო ცენტრში ბავშვებმა ისწავლეს, როგორ გაუმკლავდნენ ბულინგს, როგორ დაამყარონ ურთერთობები სხვებთან. დედებმაც გაარკვიეს თავიანთი მდგომარეობა - რა ჯობია მათი მომავლისთვის. იურისტის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მუშაობა სწორედ აქეთკენ იყო მიმართული.

ერთ-ერთი დედა უკვე განქორწინებულია და დამოუკიდებლად ზრდის შვილებს, მეორე ჯერაც ძალადობრივ გარემოში ცხოვრობს, თუმცა მისთვის მაგალითია იმ ქალის ცხოვრება, გადაწყვეტილება და შედეგები, რომელთან ერთადაც ორი კვირა იცხოვრა ცენტრში.

ორივე ქალი იმედით სავსე წავიდა ქუთაისიდან, ბავშვები - კმაყოფილები, ბედნიერები. მათთან მუშაობა, მათი მხარდაჭერა ისევ გაგრძელდება, ჩვენ ვცდილობთ, არასოდეს დავტოვოთ ჩვენი ბენეფიციარები მარტო. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა. 

წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ  სერვისებს და პროგრამებს.

„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა. 

ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ორგანიზებული ჭრა-კერვის კურსები დასრულდა. დღის სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ შუა ხორგაში მოეწყო. 

საინტერესო იყო საბაზისო კურსის ორი თვე, ყოველი გაკვეთილი: დიზაინზე მუშაობა, ქსოვილის თუ სხვადასხვა დეტალის საგულდაგულო დამუშავება... 

მეცადინეობების ბოლო დღე განსაკუთრებულად, თავიანთი ნამუშევრების გამოფენით აღნიშნეს ქალებმა. ამბობენ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, ყველა ნიუანსი გვასწავლა. ერთად ყოფნა და ურთიერთობებიც სასიამოვნო იყოო... 

კურსდამთავრებულები ეცდებიან - პრაქტიკაში გამოიყენონ, რაც ისწავლეს. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები